ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქიმიური მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Indorama Corporation საქართველოში შემოვიდა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სინგაპურის კომპანია წლების განმავლობაში სწავლობს საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და შესაძლებლობებს, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული სააგენტო „Enterprise in Georgia“-ს საინვესტიციო გუნდი.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს აქტიური ჩართულობით საქართველოში შემოვიდა ქიმიური მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Indorama Corporation „Enterprise in Georgia“.
რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო შეიძინა სინგაპურულმა კომპანიამ, რომელსაც აქვს 160-ზე მეტი საწარმო მსოფლიოს 38 ქვეყანაში და 45 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
სინგაპურის კომპანია წლების განმავლობაში სწავლობს საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და შესაძლებლობებს, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული სააგენტო „Enterprise in Georgia“-ს საინვესტიციო გუნდი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „საწარმო საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, სინგაპურის უდიდესი კორპორაციის დანერგვით, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტით გამოიკვეთა. მისი თქმით, მსოფლიო მასშტაბის ქიმიური წარმოების ერთ-ერთი ლიდერის ქართულ ბაზარზე შემოტანით სააგენტომ გადააჭარბა სტრატეგიაში გაწერილ ყველა ინდიკატორს.
„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ეს პროექტი დასრულდა და აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება ქვეყანაში. უახლოეს წლებში კორპორაცია გეგმავს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების ინვესტირებას საწარმოს მოდერნიზაციის, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.